English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ ვლადიმერ ბასარია
საზიარო ეკონომიკა და მისი როლი საზოგადოებრივი დოვლათის წარმოებაში

სტატიაში ყურადღება გამახვილებულია საზოგადოებრივი დოვლათის სპეციფიკურ ხასიათსა და ოპტიმალური მოცულობით მის საყოველთაო სარგებლიანობაზე;  სახელმწიფოს მიერ საზოგადოებრივი პროდუქტის წარმოების აუცილებლობის მიზეზებზე; კერძო სექტორის როლზე საზოგადოებრივი დოვლათ-სიკეთის შექმნაში და ციფრული ტექნოლოგიის განვითარების შედეგად ამ როლის ამაღლებაზე. ასევე განხილულია ერთობლივი მოხმარების თანამედროვე მოდელის განვითარების ძირითადი ფაქტორები, ტენდენციები და პერსპექტივები; განმარტებულია პოპულარული ტერმინი „საზიარო ეკონომიკა“ (sharing economy) და მოყვანილია ერთობლივი მოხმარების თანამედროვე კონცეფციის წარმოშობის ზოგიერთი ისტორიული ასპექტი;შეფასებულია საზიარო ეკონომიკის მნიშვნელობა თანამედროვე საზოგადოებრივი დოვლათ-სიკეთის წარმოების საქმეში; გამოვლენილია ერთობლივი მოხმარების თანამედროვე მოდელთან დაკავშირებული მოლოდინები და გაანალიზებულია საზიარო ეკონომიკის კრიტიკა; გაკეთებულია დასკვნები საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების უნარზე - ხელი შეუწყოს მომხმარებლისათვის სასარგებლო (რაციონალური, მოგებიანი) საზოგადოებრივი დავლათის წარმოებას კერძო სექტორში და რეკომენდებულია აღნიშნულ პროცესზე სამეცნიერო წრის და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ყურადღების გამახვილება.

საკვანძო სიტყვები: საზოგადოებრივი დოვლათი, ერთობლივი მოხმარება, საზიარო ეკონომიკა, უბერიზაცია. 

JEL Codes: H40, H41, H44

 

 

 

 

შესავალი

საერთო სარგებლობის საქონელ-მომსახურების წარმოების გარეშე საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება პრაქტიკულად შეუძლებელი რომაა, შეიძლება ითქვას,სრული ჭეშმარიტებაა. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ სოციალური (უფასო) მედიცინა და განათლება შეჭირვებული ფენისთვის კი არაა სასარგებლო მხოლოდ, არამედ სიკეთეა მთელი საზოგადოებისთვისაც (რაც უფრო განათლებულია და ჯანმრთელი მოსახლეობა, მით უფრო მწარმოებლურია ის, მით უფრო უსაფრთხო და კომფორტულია ასეთ საზოგადოებაში ადამიანების ცხოვრება).საზოგადოებრივი პროდუქტის განსაკუთრებული და საყოველთაო მნიშვნელობის თვალსაჩინო მაგალითია ეროვნული თავდაცვისა და საზოგადოებრივი მართლწესრიგის ორგანიზების, კულტურის ძეგლების მოვლა-რესტავრაციის, ეროვნულ ტყე-პარკებსა და სუფთა ჰაერზე ზრუნვის აუცილებლობა და ა.შ.

ადამიანების კომფორტული პირობების უზრუნველმყოფი საზოგადოებრივი დოვლათის წარმოებისა და მიწოდების საკითხებზე ბევრს კამათობენ, თუმცა დისკუსია იმის თაობაზე კი არაა, რამდენად აუცილებელია ასეთი პროდუქტი საზოგადოებისათვის, არამედ ძირითადად იმაზე, თუ რომელი პროდუქტის მიწოდებაა ოპტიმალური საზოგადოებისათვის და რა მოცულობით; როგორი უნდა იყოს მისი კუთრი წონა მთლიანი პროდუქციის წარმოება-მოხმარებაში და ა.შ.

ეკონომიკური თეორიის პოპულარული თეზის თანახმად, თავისუფალი ბაზარი   არ არის დაინტერესებული სოციალურად ორიენტირებული ისეთი პროდუქციის წარმოებით, რაც მოგების მიღებას არ გულისხმობს. შესაბამისად, საზოგადოებრივად საჭირო დოვლათის მოცულობის განსაზღვრა და მისი წარმოება - მიწოდების ორგანიზება სახელმწიფომ (საზოგადოებამ) უნდა იკისროს.

მართალია, საზოგადოებრივი დოვლათის ცნება არ გულისხმობს, რომ ის აპრიორი სახელმწიფოს თუ მუნიციპალური მთავრობის მიერ მოქალაქეებისათვის მიწოდებული პროდუქტია მაინცდამაინც (ზოგიერთი საზოგადოებრივი ყაიდის საქონელ-მომსახურების მიწოდებას კერძო პირები ახდენენ, სახელმწიფო უწყებები კი მოქალაქეებს როგორც კერძო, ასევე საზოგადოებრივი პროდუქტის მიწოდებით უზრუნველყოფენ), თუმცა, საზოგადოებრივი პროდუქტის შექმნაში ძირითად როლს,   როგორც წესი, სახელმწიფო და მუნიციპალური მართვის ორგანოები, სახელმწიფო დანიშნულების საწარმოები, დაწესებულება-ორგანიზაციები ასრულებენ (Ахинов Г.А, Жильцов Е.Н.2 012, 14.).  ამასთან, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ობიექტური რეალობა, სულაც არაა გამორიცხული, ციფრული ეკონომიკის სწრაფი განვითარების კვალობაზე პერპექტივაში გარკვეულწილად შეიცვალოს კიდეც. 



ერთობლივი მოხმარების თანამედროვე კონცეფცია

 

საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრესი და გლობალური ქსელის ფართო გავრცელება ადამიანებისთვის აქამდე უცხო, ახალი სახეობის საზოგადოებრივი დოვლათ-სიკეთის სულ უფრო მეტი მოცულობით წარმოებას განაპირობებს. შესაბამისი ინტერნეტ-პლატფორმის მეშვეობით, ყოველგვარი დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე დღეს ნებისმიერ მსურველს (პროდუქტის არაკონკურენციული ხასიათის მოხმარებაში სხვისი გამორიცხვის შეუძლებლობა საზოგადოებრივი პროდუქტისთვის დამახასიათებელი უმთავრესი ნიშან-თვისებაა) შეუძლია მგზავრთა გადაყვანის სერვისით ისარგებლოს (უცხოეთში მომხმარებლებს ასეთ მომსახურებას სთავაზობენ კომპანიები Lyft, BlaBlaCar, საქართველოში - damemgzavre.ge)და დანიშნულების ადგილას სრულიად უფასოდ მივიდეს (ამ მომსახურებისთვის საფასურის გადახდა სავალდებულო არაა - მძღოლები ხშირად კეთილ ნებას გამოხატავენ და წინასწარ განსაზღვრულ მარშრუტზე დამგზავრების მსურველებს ტრანსპორტით მომსახურებას უსასყიდლოდ სთავაზობენ).ყველასთვის ხელმისაწვდომი ონლაინ-სერვისების დახმარებით, უკვე თავისუფლადაა შესაძლებელი საკუთარი შინაური ცხოველის გარკვეული დროით მოსავლელად დატოვება რომელიმე ვოლონტიორისთვის (DogVacay). შესაბამისი ინტერნეტ-პლატფორმების გამოყენებით, ადამიანებს სტუმრად უფასოდ სადილობისა და სხვისი გამასპინძლების საშუალება აქვთ (EatWith); ინტერნეტ-გვერდების ფართო არჩევანი საზოგადობას ტანსაცმლის, საკვების, სამშენებლო მასალის თუ სხვა ნივთების გაჩუქება-გაცვლის შესაძლებლობას აძლევს და ა.შ.

კერძო სექტორში განხორციელებული ამგვარი პროექტების რიცხვი დღითი-დღე მატულობს, რაც განპირობებულია მომხმარებლების მზარდი სურვილით - დროებით ისარგებლონ მესაკუთრეების მიერ გამოუყენებელი და ონლაინ-პლატფორმებზე კაპიტალიზებული ქონებით, ნაცვლად ამ ქონების შეძენისა.ადამიანების ასეთ სამეურნეო ქცევა-ურთიერთობებზე დაფუძნებული ეკონომიკური მოდელი sharing economy-ს (საზიარო ეკონომიკის) ტერმინით არის ცნობილი. 

შეიძლება ითქვას, რომ შინაარსობრივად sharing economy იგივეა, რაც დოვლათის ერთობლივი მოხმარების (collaborative consumption) ეკონომიკური მოდელი, რომელიც  საქონელ-მომსახურების კოლექტიურად გამოყენებას, ბარტერს ან იჯარას გულისხმობს, და სწორედ იმ მთავარ მოსაზრებას ეფუძნება, რის მიხედვითაც საჭირო პროდუქტით დროებით სარგებლობა ეკონომიკური თვალსაზრისით ადამიანებისთვის უფრო მოგებიანია (რაციონალურია, ხელსაყრელია), ვიდრე ამ პროდუქტის დასაკუთრება. 

ავტორიტეტული საერთაშორისო აუდიტორულ-საკონსულტაციო კომპანიის „PricewaterhouseCoopers“-ის მონაცემებით, დღეისათვის საზიარო ეკონომიკაში აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 19%-ზე მეტი პირი ღებულობს მონაწილეობას. ამავე წყაროზე დაყრდნობით, sharing economy-ს მოდელს უპირატესობას ანიჭებენ 18-24 წლის ასაკის ახალგაზრდები, ასევე ის შინამეურნეობები, რომელთა წლიური შემოსავალი 50-75 ათ. დოლარს შეადგენს და პირები, რომლებიც 18 წლამდე ასაკის ბავშვებთან ერთად ცხოვრობენ (The Sharing Economy. Consumer Intelligence Series. PwC. // URL: //https://bit.ua/2020/10/5-trendiv-sharing-economy/).

ერთობლივი მოხმარების ეკონომიკური მოდელი კაცობრიობისათვის სიახლე ნამდვილად არ არის. ციფრული პლატფორმის გამოჩენამდე საქონელ-მომსახურების კოლექტიურად გამოყენებისათვის განკუთვნილი იყო ნივთებისა თუ აღჭურვილობის გაქირავების სხვადასხვაგვარი პუნქტები, ე.წ. second-hand-ები, ბიბლიოთეკები და სხვ. თუმცა, საზოგადოების პრაქტიკულად ყველა სფეროს ინფორმატიზაციის თანამედროვე პირობებში ამ მოდელმა განვითარებისათვის ახალი სტიმული მიიღო და თვისებრივად შეცვალა ეკონომიკურ აგენტებს შორის სამეურნეო ურთიერთობების ხასიათი, რაც ძირითადად ტრანსაქციური დანახარჯების მკვეთრად შემცირებით გამოიხატა - შუამავლების ჩარევის გარეშე დღითი-დღე სულ უფრო მეტი საქონელ-მომსახურება ნაწილდება ბაზრის მონაწილეებს შორის.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ექსპერტები საზიარო ეკონომიკას განსაზღვრავენ, როგორც ონლაინ-პლატფორმის ბაზაზე წარმოებულ ეკონომიკურ საქმიანობას, რაც ეფუძნება არასრულად (არასაკმარისად) გამოყენებული აქტივების ერთობლივ მოხმარებას (სასყიდლით ან უსასყიდლოდ) თანაბარი სტატუსის მქონე პირების მიერ (How much is the sharing economy worth to GDP? // URL: https://www.weforum.org/agenda/2016/10/what-sthe-sharing-economy-doing-to-gdp-numbers/).

რამ განაპირობა XXI საუკუნეში კაპიტალიზმის წიაღში კოლექტიური მოხმარების ეკონომიკური მოდელის განვითარება? 

შეიძლება ითქვას, რომ sharing economy-ზე უდიდესი გავლენა იქონია საზოგადოების ფენებს შორის კაპიტალის განაწილების არსებულმა მდგომარეობამ. მდიდრებსა და ძალიან ღარიბებს შორის ბოლო პერიოდში უკიდურესად გაზრდილმა ქონებრივმა უთანასწორობამ ადამიანები, ფაქტობრივად, ორ ბანაკად დაჰყო: ერთ მხარეს საზოგადოების ის ნაწილია,  რომელსაც დოვლათის შეძენა (დასაკუთრება) მისი გამოყენების ყოველგვარი წინაპირობის გარეშე შეუძლია; მეორე მხარეს კი საზოგადოების ის ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც იძულებულია, საქონელ-მომსახურებით მხოლოდ საჭიროებისას ისარგებლოს. მზარდი ქონებრივი დისბალანსის გამომწვევ ეკონომიკურ ფაქტორებს ფსიქოლოგიურიც დაემატა - თანამედროვე სოციუმი ხომ მატერიალური სიკეთეების მასობრივი (ხშირად უსარგებლო) მოხმარებითა და შესაბამისი ფასეულობების ფორმირებით ხასიათდება ძირითადად.

ერთობლივი მოხმარების თანამედროვე კონცეფცია სულ რაღაც ათიოდე წლის წინ შემოგვთავაზეს ეკონომისტებმა რეიჩელ ბოტსმანმა (Rachel Botsman) და რუ როჯერსმა (Roo Rogers) თავიანთ ნაშრომში “What’s mine is Yours: The Rise of Collaborative Consumption” („რაც ჩემია, შენიცაა: ერთობლივი მოხმარების ზრდა“).

2010 წლის ივნისის თვეში TED-ის სახელწოდებით (Technology, Entertainment, Design) ცნობილი აშშ-ს კერძო არაკომერციული ფონდის მიერ გამართულ მორიგ კონფერენციაზე (რომლის მისია უნიკალური იდეების გავრცელებაა უმთავრესად) რეიჩელ ბოტსმანმა ვრცლად ისაუბრა ახალ სოციალურ-ეკონომიკურ მოდელზე, რაც, მისი ხედვით, მომავალში რადიკალურად შეცვლის საქონელ-მომსახურების მოხმარების ტრადიციულ მეთოდს. მისიაზრით, ადამიანები, ბოლო დროს, სულ უფრო ხშირად აცხადებენ უარს იმ ქონების ექსკლუზიურად დასაკუთრებაზე, რისი დროებით გამოყენების შესაძლებლობა გააჩნიათ, ამგვარ ქცევას კი მათთვის მეტი სარგებელი მოაქვს. ამის დასასაბუთებლად რეიჩელ ბოტსმანს ხელის ელექტრობურღის მოხმარების მარტივი მაგალითი მოჰყავს (Tagarov B.Z. 2019, 146) ამ ხელსაწყოში ადამიანები არც თუ მცირე თანხას იხდიან და ხშირად იმისათვის შეიძენენ მხოლოდ, რომ საექსპლუატაციო პერიოდის განმავლობაში 10-15 წუთით გამოიყენონ  და რამდენიმე ნახვრეტი გააკეთონ. „კედლის გახვრეტა კი ყველას სჭირდება“, ხუმრობით დასძენს ქ-ნი ბოტსმანი, რითაც არასრულად (არასაკმარისად) გამოყენებული ქონების გაქირავება-დაქირავების საერთო სარგებლიანობაზე სამართლიანად მიგვანიშნებს.

ერთობლივი მოხმარების მოდელში ნივთებისა თუ აღჭურვილობის მოგებიანად (სარგებლიანად) გამოყენების მნიშვნელოვანი რეზერვი მართლაც რომ არსებობს. ამაზე ის ეკონომიკური ეფექტი მეტყველებს, რომელიც ე.წ. “carsharing”-ის (მსუბუქი ავტომობილების სხვისთვის გადაცემა) და “carpooling”-ის (სატრანსპორტო საშუალებებში თავისუფალი ადგილების ერთობლივად გამოყენება) სახელწოდებით ცნობილ თანამედროვე პროექტებში მესაკუთრეებსა (მეიჯარეებსა) და მგზავრებს (მოიჯარეებს) შორის დამყარებული მეურნეობრივი კავშირების კვალობაზე მიიღწევა: ამ ეკონომიკური ურთიერთობების შედეგად მცირდება ავტოტრანსპორტის დაყოვნების (დგომის, გამოუყენებლობის) დრო და იზრდება სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის საერთო სარგებლიანობა, რაც გადაადგილებისათვის ავტოტრანსპორტის გამოყენებას ოპტიმალურს ხდის.

აღსანიშნავია, რომ ეკოლოგიური თვალსაზრისით “carpooling”-ი გაცილებით უსაფრთხოა ტრანსპორტით გადაადგილების სხვა მეთოდებთან შედარებით: ერთობლივი მგზავრობის შედეგად საგრძნობლად მცირდება ჰაერში გამონაბოლქვის ოდენობა, მნიშვნელოვნად განიმუხტება საგზაო საცობები, სულ უფრო ნაკლები ადგილი გამოიყოფა ავტომანქანების პარკირებისათვის და ა.შ.

ნიშანდობლივია, რომ “carsharing”-ის განვითარებამ გარკვეული გავლენა იქონია შინამეურნეობების გადაწყვეტილებებზე ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენასა და გაყიდვასთან დაკავშირებით. მაგალითისათვის, ლონდონში “carsharing”-ით მოსარგებლე პირებს შორის ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტების 33%-მა საერთოდ გადაიფიქრა ავტომობილის შეძენა, ხოლო 6%-მა კი უახლოეს პერიოდში საკუთარი მანქანის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო; ჩინეთში განხორციელებული სოციალური კვლევების მიხედვით, “carsharing”-ის მომხმარებელთა 50%-ზე მეტმა პირადი ავტომანქანის შეძენის გადაწყვეტილება მომავლისთვის გადადო. ამავე თემაზე გამართული ერთ-ერთი გამოკითხვის საკმაოდ საინტერესო შედეგებს ქვემოთ მოყვანილ გრაფიკზეა ასახული (Ipsos views).   

თუ ჩავთვლით, რომ საკუთრებისადმი დამოკიდებულების ცვლილებას მომხმარებლისათვის დამატებითი სარგებლის მოტანა შეუძლია (მაგალითისათვის, იმავე “carsharing”-ის სერვისით მოსარგებლე პირი მანქანის მოვლა-მომსახურებასთან დაკავშირებულ დროსა და ფულად სახსრებს სოლიდურად ზოგავს), ზემოთ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები ამ ტრანსფორმაციის კვალობაზე მთლიანად საზოგადოებისათვის მიღწეული რაციონალურობა-სარგებლიანობის შთამბეჭდავ შედეგებზე მოწმობს. 

„უბერიზაცია“

 

ტრადიციული კაპიტალისტური მოდელიდან („ფირმა - მომხმარებელი“) ციფრულ სერვისებზე დაფუძნებული საქონელ-მომსახურების ერთობლივი მოხმარების მოდელზე გადასვლის პროცესს (ზოგიერთი ეკონომისტი მოვლენებს ამგვარადაც აფასებს) ხშირად „უბერიზაციის“ ტერმინითაც მოიხსენიებენ. ამ ტერმინის წარმოშობა უკავშირდება ამერიკული კომპანიის Uber-ის ფუნქციონირებას, რომელიც ამავე დასახელების მობილური აპლიკაციის მეშვეობით პრაქტიკულად საერთაშორისო მასშტაბით ახორციელებს მომხმარებლისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძიება-გამოძახებას (უფრო ზუსტად, ეს ფირმა  ტრანსპორტით მომსახურების შესახებ კლიენტების მოთხოვნის ციფრულ გადამისამართებას ახორციელებს კერძო ტაქსის იმ მძღოლებისათვის, რომლებიც კომპანიის აპლიკაციით სარგებლობენ) (Leslie Hook. Review – 'The Sharing Economy', by Arun Sundararajan ((registration required)) // Financial Times. – 2016. – June 2016).

 

 

Uber-ის პრინციპით დღეს უკვე საკმაოდ ბევრი ფირმა საქმიანობს საქონელ-მომსახურების წარმოების სხვადასხვა სფეროში: ყოველწლიურად 100 მლნ-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს კომპანია Airbnb-ის სერვისით, რომლის ინტერნეტ-პლატფორმაზე ადამიანებს მათ ქვეყანაში მოგზაურების მსურველებისათვის საკუთარი საცხოვრებლის შეთავაზება შუძლიათ; 150 მლნ–ზე მეტი აქტიური მომხმარებელი სარგებლობს eBay-ის უმსხვილესი ონლაინ-აუქციონით, სადაც პრაქტიკულად ნებისმიერი საქონლის ყიდვა-გაყიდვაა შესაძლებელი მსოფლიო მასშტაბით; კომპანია Stripe-ის ტექნიკური და საბანკო ინფრასტრუქტურის მეშვეობით  43 ქვეყანაში ყოველწლიურად ასობით მლრდ დოლარის ონლაინ-გადახდები წარმოებს და ა.შ. 

აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სამეცნიერო წრეებში ხშირია დავა იმის თაობაზე, უნდა განიხილებოდეს თუ არა sharing economy-ს მოდელის ფარგლებში ზემოთ მოყვანილი კომპანიების მომსახურება (Жидков А.С. 2017, 52).კამათს ძირითადად ის იწვევს,  რომ ხსენებული ფირმების მიერ ინიცირებულ ეკონომიკურ ურთიერთობებში დოვლათის კოლექტიურად გამოყენების მიმართულებას ტრადიციული მეურნეობრივი კავშირებისათვის დამახასიათებელი მომსახურების კომერციული ტრენდი გადაფარავს (როგორც წესი, ეს კომპანიები თითოეული გარიგებიდან გარკვეულ საკომისიოს ღებულობენ). 

 

ერთობლივი მოხმარების თანამედროვე მოდელთან დაკავშირებული მოლოდინები და საზიარო ეკონომიკის კრიტიკა

 

მიუხედავად ზემოგანხილულთან დაკავშირებით არსებული წინააღმდეგობრივი პოზიციებისა, ბევრი სპეციალისტი თანხმდება იმაზე, რომ დღეს ჩვენ რაღაც ახალი (უფრო ჰიბრიდული) ტიპის მეურნეობრივი კავშირურთიერთობების განვითარების პროცესის მომსწრენი ვხდებით, რამაც შესაძლოა თანამედროვე საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური წესრიგის ტრანსფორმირებაზეც კი იქონიოს გარკვეული ზეგავლენა. ასეთიცვლილებებისადმი ოპტიმისტურად განწყობილი ეკონომიკის ექსპერტები და სწავლულები იმედოვნებენ, რომ ადამიანები სულ უფრო ნაკლებად გახდებიან ქონებაზე დამოკიდებულები და განკარგვაში მის მუდმივად ფლობას - ნივთის საჭიროებისას გამოყენებას ამჯობინებენ, რაც უდავოდ წაადგება ინვესტიციების ზრდას. გარდა ამისა, უფრო ეფექტიანად და რაციონალურად იქნება გამოყენებული შეზღუდული რესურსები; ტრანსაქციური დანახარჯების შემცირება  მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი ფასებით საქონელ-მომსახურების არჩევანის გაფართოების წინაპირობა გახდება; ადამიანებს შორის ამაღლდება ნდობის ხარისხი და გაიზრდება კომუნიკაციის დონე; საგრძნობლად შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედებით გამოწვეული ნეგატიური შედეგები; თანდათანობით განიტვირთება მსხვილი ქალაქები, რაც, თავის მხრივ, მთელ რიგ სასიკეთო ცვლილებას მოიტანს და ა.შ. გასაგებია, რომ ისევე როგორც ნებისმიერი წინააღმდეგობრივი მოვლენა, დოვლათის ერთობლივი მოხმარების ეკონომიკის თანამედროვე მოდელიც სამართლიან კრიტიკას იწვევს ხშირად. სკეპტიკოსები ყურადღებას ძირითადად იმაზე ამახვილებენ, რომ საზიარო ეკონომიკამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას შრომის ტრადიციულ ბაზრებს, შეამციროს ხელფასის საერთო დონე, დაასუსტოს პროფკავშირების როლი და გავლენა. ზოგიერთი კრიტიკოსი რადიკალურ შეფასებებსაც  არ ერიდება:

  • „საავტომობილო ბიზნესი ფარგლებს მიღმა sharing economy დიდად არ ახდენს გავლენას ადამიანების საკუთრებასთან დამოკიდებულებაზე. მომხმარებლობა არ კნინდება, კაპიტალიზმი სახეცვლილებას არ განიცდის“. ( ავტორიტეტული ონლაინ-გამომცემლობა Vox);

  • „მეგობრებო, არავინ არაფერს უარყოფს სხვას. ტერმინმა sharing economy მხოლოდ გარკვეული კაშკაშა ნათება შექმნა Airbnb და Uber-ის მსგავსი კომპანიების გარშემო, სხვა დატვირთვა მას უბრალოდ არ გააჩნია...ასეთ კომპანიებს რედაქციაში „დაკვეთის სერვისებად“ მოვიხსენიებთ: ისინი ეხმარებიან ადამიანებს, მაგალითისათვის, დამლაგებლის მოძიებაში ისეთ დროს, როდესაც ეს მათ სჭირდებათ. ესაა სამომხმარებლო მოთხოვნის დაკმაყოფილებისადმი ახლებური მიდგომა, და ნუ მოვიტყუებთ თავს, თითქოს, კაპიტალიზმთან საქმე არ გვაქვს“, წერს ჟურნალი Wired.

უნდა აღინიშნოს, რომ მსპ-ზე ერთობლივი მოხმარების ეკონომიკის გავლენა მართლაც არაერთგვაროვანია, რაც გარკვეულწილად ართულებს sharing economy-ს სარგებლიანობის განსაზღვრას: ერთი მხრივ, შინამეურნეობები ქმნიან დამატებულ ღირებულებას, რასაც მსპ-ს ზრდა მოჰყვება, მაგრამ, მეორე მხრივ, ერთობლივი მოხმარება საქონელ-მომსახურების შეძენაზე მოთხოვნას ამცირებს, რაც წარმოების ვარდნას და მსპ-ის კლებას იწვევს. 

ამასთან, უტყუარი სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომსაზიარო ეკონომიკა საზოგადოებრივი დოვლათ-სიკეთის სულ უფრო მეტი მოცულობით წარმოებას განაპირობებს, საკმაოდ სწრაფი ტემპებით იკიდებს ფეხს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში და ეროვნული მეურნეობრიობის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად იქცევა: 

  • ჩინეთში, რომელიც ერთობლივი მოხმარების ეკონომიკის მსოფლიო ლიდერადაა აღიარებული, 2025 წლისათვის მსპ-ში sharing economy-ს წილის 20%-მდე ზრდაა მოსალოდნელი;

  • ევროპაში აღნიშნული სეგმენტის ზრდას უახლოესი 10 წლის მანძილზე ყოველწლიურად 35%-ის ფარგლებში ვარაუდობენ;

  • „PricewaterhouseCoopers“-ის მონაცემებით, საზიარო ეკონომიკის მსოფლიო ბაზრის მოცულობამ  2025 წლისთვის შესაძლოა 350 მლრდ. აშშ დოლარს მიაღწიოს.

სტატიის დასასრულს ერთ საინტერესო და მეტად ნიშანდობლივი ინფორმაცია:  ორგანიზაცია “Timbro”-ს მიერ ერთობლივი მოხმარების ეკონომიკის სიდიდის შესახებ შედგენილ რეიტინგში საქართველო მსოფლიოს 213 ქვეყანას შორის 28-ე პოზიციაზე იმყოფება (Timbro. // URL:  https://timbro.se/ekonomi/timbro-sharing-economy-index/).თუმცა, ამ მიმართულებით ბევრი ჯერ კიდევ გამოუყენებელი რეზერვი არსებობს.

 

 

 

 

 

 

 

 

დასკვნები და რეკომენდაციები

  

  • საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო საზოგადოებრივი პროდუქტის შექმნაში ძირითად როლს სახელმწიფო ასრულებს, თუმცა ციფრული ეკონომიკის სწრაფი განვითარების შედეგად ამ ჭეშმარიტებამ პერსპექტივაში შესაძლოა გარკვეული კორექტივები განიცადოს;

  • საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პროგრესი საშუალებას აძლევს მომხმარებელს ხეირიანად (მოგებიანად, რაციონალურად) ისარგებლოს სრულიად ახალი ტიპის საქონელ-მომსახურებით, რაც, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ნაცვლად კერძო სექტორშია წარმოებული, საზოგადოებრივი დოვლათისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით გამოირჩევა;

  • ერთობლივი მოხმარების თანამედროვე მოდელი პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში (მ.შ. ჩვენთანაც) სწრაფი ტემპებით ვითარდება, ამიტომ ამ პროცესზე გამუდმებული დაკვირვება, მისი სიღრმისეული მეცნიერული გამოკვლევა და  საფუძვლიანად შესწავლა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს.

 

ლიტერატურა:

 

  • Ахинов Г.А., Жильцов Е.Н. (2012).Экономика общественного сектора. – М.: ИНФА–М. 

  • Жидков  А.С. (2017). Концепция общественного блага и развитие сферы услуг. Вестник МУ им. С.Ю. Витте. Серия 1. Экономика и управление • № 4 (23).

  • Leslie Hook (2016). Review – 'The Sharing Economy', by Arun Sundararajan ((registration required)) // Financial Times. – 2016. 

  • Tagarov B.Z. (2019). The Specifics of Sharing Economy and Conditions of its Development. ЕСО. No. 7. pp. 140-155. (In Russ.). DOI: 10.30680/ ЕСО0131-7652-2019-7-140-15

  • Timbro. // URL:  https://timbro.se/ekonomi/timbro-sharing-economy-index/.

  • The Sharing Economy. Consumer Intelligence Series. PwC. // URL: //https://bit.ua/2020/10/5-trendiv-sharing-economy/.

  • World Economic Forum. How much is the sharing economy worth to GDP? // URL: https://www.weforum.org/agenda/2016/10/what-sthe-sharing-economy-doing-to-gdp-numbers/.